სიაში დაბრუნება
არტემ არონიშიძე

არტემ არონიშიძე

1891 — 1950

ოფიცერი
გაზიარება

ბიოგრაფია

არტემ არონიშიძე დაიბადა 1891 წლის 20 ოქტომბერს სოფელ კონჭკათში. თბილისის იუნკერთა სკოლის დასრულების შემდეგ, 1913 წლიდან, იგი თბილისის ფეხოსანთა პოლკში მსახურობდა. პირველი მსოფლიო ომის დროს კავკასიის ფრონტზე იბრძოდა, სადაც 1917 წელს კაპიტნის ჩინი და წმ. ანას IV ხარისხის ორდენი მიენიჭა. საქართველოს დამოუკიდებლობის წლებში (1918–1921 წწ.) იგი სამხედრო შენაერთებს აყალიბებდა და წვრთნიდა, ბოლშევიკების თავდასხმისას კი ქვეყანას იცავდა. არონიშიძე ერთ-ერთ იმ ბატალიონს მეთაურობდა, რომელმაც მთავრობის ევაკუაცია უზრუნველყო, რის შემდეგაც თავადაც ემიგრაციაში წავიდა. 1922 წელს, პოლონეთის მთავრობის მიწვევით, იგი სხვა ოფიცრებთან ერთად პოლონეთში გადასახლდა. რემბერტუვის კურსების გავლისა და ენის ათვისების შემდეგ, წლების განმავლობაში ტორუნის 63-ე პოლკში მსახურობდა.

1927 წელს არტემმა ცოლად ლიდია სტალი შეირთო, რომელთანაც საერთო შვილი, იეჟი შეეძინა. 1934 წელს მან მაიორის წოდება მიიღო. 1939 წლის აგვისტოს ბოლოს ვარშავაში სწავლის გასაგრძელებლად ჩავიდა, თუმცა ომის დაწყების გამო ქალაქის დამცველთა რიგებში ჩადგა. გამოჩენილი სიმამაცისთვის იგი უმაღლესი სამხედრო ორდენით, „ვირტუტი მილიტარით“ დაჯილდოვდა. კაპიტულაციის შემდეგ ტყვედ ჩავარდა და 1942 წლამდე დრეზდენთან იმყოფებოდა. გათავისუფლების შემდეგ ვარშავაში დაბრუნდა და იან პილეცკის ფსევდონიმით „არმია კრაიოვას“ რიგებში ჩაირიცხა, სადაც ვარშავის აჯანყებაში მონაწილეობდა. 1945 წლის მარტში იგი NKVD-მ დააპატიმრა, თუმცა იმავე წლის სექტემბერში ამნისტიით გათავისუფლდა. არონიშიძემ უარი თქვა პოლონეთის სახალხო მილიციაში პოლკოვნიკის წოდებით მუშაობაზე და ცხოვრება ქვემო სილეზიაში პანსიონატის დირექტორად განაგრძო. არტემ არონიშიძე 1950 წლის 22 აპრილს გარდაიცვალა.

Video Thumbnail
ვიდეო

იქნებ გამოგრჩათ